მთლიანობაში მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ კლასიკად აღიარებული მიუზიკლის კოლორიტულობა გაძარცვულია და ყველაფერი სპექტაკლში თანამედროვეობას ხელოვნურადაა მორგებული, - ასე აფასებს თეტრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში გიორგი შენგელაიას შედევრად აღიარებული კინომიუზიკლის „ვერის უბნის მელოდიების" მეორე თანამედროვე სცენური ინტერპრეტაციას, რომელიც ფრანგი რეჟისორმას რედა ბენტიფორიმ დადგა.
თეატრმცოდნე აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ დავით დოიაშვილმა კინომიუზიკლის გათანამედროვებული თეატრალური ვერსია მუსიკისა და დრამის თეატრში შექმნა, რომელიც გაცილებით ახლოს იდგა ორიგინალთან და შენარჩუნებული იყო ძველი თბილისური უბნის კოლორი, ვიდრე ეს ფრანგი რეჟისორის რედა ბენტიფორის ახალ თეატრალურ ვერსიაშია, რომლის პრემიერა ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში გასულ კვირას შედგა.
ჩხარტიშვილი აღნიშნავს, მიუზიკლის წარმოდგენის მეორე დღესვე მაყურებელთა ნაკადმა თვალშისაცემად იკლო. "ამის მიზეზი სპექტაკლის საკამათო გადაწყვეტასთან ერთად (რეჟისურა, მუსიკალური ინტერპრეტაცია) ისიც არის, რომ მასში „ახლადგამოჩეიკილ ვარსკვლავთა" გუნდი უფრო სჭარბობს, ვიდრე ეს „ქეთო და კოტეს" შემთხვევაში იყო", - ამბობს თეტრმცონდე თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში და აღნიშნავს, რომ ფრანგმა რეჟისორმა რედა ბენტიფორმა სპექტაკლის მთავარ ხერხად მოგონების ფორმა შეარჩია.
"სწორედ ამ მოტივით შემოიყვანა მან სპექტაკლში ბუბა კიკაბიძე, რომელიც ქალთა უფლებების დამცველი არასამათვრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეს სოფო ნიჟარაძეს თავისი სიყვარულის ისტორიას უყვება".
თეატრმცოდნე წერს, რომ ბუბა კიკაბიძე მისი თაობის კოლეგებისგან განსხვავებით ვოკალურად საკადრის ფორმაშია და მის ყოველ გამოჩენას, შესაბამისად, მაყურებლის ტაში მოსდევს. დადებითად აფასებს სანტიაგო (ტატო) ფერნანდესის დეკორაციასაც და ამბობს, რომ ეფექტურია, დინამიკური და კოლორიტულიც, რომელიც მშვენივრად ხატავს ეპოქის სულს.
"საკმაოდ დახვეწილი და გამართულია ქორეოგრაფიული ნომრები, თუმცა მომღერალ-არტისტების (ნოდიკო ტატიშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, ქეთათო ჩარკვიანი) ინდივიდუალიზმი და ანსამბლურობა წარმოდგენაში ჩაკარგულია", - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.
"სქემატური მხატვრული სახეები შექმნეს ვანიკო თარხნიშვილმა, კახა კინწურაშვილმა და გიორგი ვარდოსანიძემ. სწორედ ამის გამო უნებლიედ შემსრულებელთაგან მაყურებელს მხოლოდ ბუბა კიკაბიძე და სოფო ნიჟარაძე ამახსოვრდება. თანაც ყველაზე ხშირად ისინი ჩანან სცენაზე. ამ წარმოდგენით გამოჩნდა ახალგაზრდა მომღერალის სოფო ნიჟარაძის მიზანდასახულობა და თავდაუზოგავი შრომის უნარი, რადგან არიების შესრულების გარდა, მას საკმაოდ რთული ქორეოგრაფიული ნახაზების შესრულებაც უწევს. უცნაურია, რომ ცამეტი როლის პროფესიონალი შემსრულებელთაგან, ყველაზე გამორჩეული სამსახიობო ნამუშევარი დებიუტანტმა „მსახიობებმა" ლენკა ზვიადაძემ (თამრო) და ნანო ღვინიანიძემ (მარო) შექმნეს. მათ მიერ შესრულებული ობლების როლები გულწრფელობით გამოირჩევა. რაც შეეხება მუსიკალური ვერსიების ავტორის ნიკა რაჭველის ნამუშევარს, გოგი ცაბაძის მუსიკა ისეა ინტერპრეტირებული, რომ ზოგჯერ ცნობილი მუსიკალური არიების და თემების გამორჩევა მაყურებელს უჭირს", - აღნიშნავს თეტრმცოდნე და სტატიას კითხვით ასრულებს -
"საინტერესოა, რამდენ საპრემიერო ჩვენებას გაუძლებს „ახალი ვერის უბნის მელოდიები" თბილისში, რომელსაც სავარაუდოდ რუსთაველის თეატრში ოქტომბერში წარმოადგენენ".