ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ზუგდიდში ჩავიდა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა. მათ შორის ინგირის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 43 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული შენობა სახელმწიფომ სრულად აღადგინა, გაარემონტა და დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.
როგორც დევნილებმა მინისატრთან საუბრისას აღნიშნეს, მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ადრე არსებული საშინელი პირობებიდან ასეთ პირობებს მიიღებდნენ. "ადგილობრივებმა კარგად იციან, ადრე რა საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება. არანაირი ადამიანური პირობები არ გვქონდა, მაგრამ არც არჩევანის საშუალება იყო. ვერავინ წარმოიდგენდა რომ ყოფილი ფართის ასე კარგად შეცვლა შეიძლებოდა. მადლობის მეტი რა გვეთქმის. კარგი იქნება, ყველა დევნილი ასეთ პირობებში ცხოვრობდეს," - აღნიშნა ოჩამჩირიდან დევნილმა თამარ ბასლანძემ.
მინისტრი, კობა სუბელიანის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მანამ გაგრძელდება, სანამ აფხაზეთიდან დევნილი ყველა ოჯახი ადამიანურ პირობებში არ იცხოვრებს: "ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთში დაბრუნებაა, თუმცა, სანამ ეს მოხდება, გპირდებით, რომ ყველა დევნილი საქართველოში ღირსეულად იცხოვრებს. მეც ვერ წარმომადგინა, რომ ქვეყანაში ამხელა მასშტაბებს მივაღწევდით და რეაბილიტირებული შენობები ასეთ სახეს მიიღებდა. დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა გრძელდება და მანამ არ დასრულდება, სანამ საცხოვრებელი პირობები თითოეულ დევნილს არ მოუწესრიგდება. მნიშვნელოვანია იცის, რომ აღნიშნული ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ."