ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია, მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მილიორმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურენტული, ენერგიული საარჩევნო კამპანიისთვის, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
"ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი მომავლისთვის. არჩევნები უნდა იყოს შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი ევროპაში. ეს არის სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების მიზანი. ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია, მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა. ამ საზოგადოებაში არ არის მტრები. მნიშვნელოვანია, პარტიებმა აჩვენონ ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მნიშვნელოვანი ადგილი კავკასიაში, დემოკრატიის შუქია და "ჩვენ აქ ვართ ამ შუქის ხაზგასასმელად.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით თბილისს 20 აგვისტოს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორისი კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს. დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.