რობერტ სტურუა იმედოვნებს, რომ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნს" დადგამს. ამის შესახებ რობერტ სტურუამ
სტუდია "ნიუგრუპის" გადაცემა "ღია სტუდიაში" განაცხადა.
მისი თქმით, სპექტაკლის დასადგმელად საჭიროა თანხა, რომელიც მაქსიმუმ ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
"ამას ვიძახი მაქსიმალურად. იმიტომ, რომ შეძლება ძალიან იაფი სპექტაკლი დადგა -"ვეფხისტყაოსანი". თეატრს აქვს საშუალებები საკუთარი - პოეზიის, სადაც არ არის აუცილებელი, რომ შენ გეცვას ფანტასტიური კოსტუმები, ან იყოს აშენებული ქაჯეთის ციხე. ეს შეიძლება იოლი ხერხებითაც გააკეთო", - აცხადებს სტურუა.
სტურუას თქმით, გამოცანები, რომელიც არის პოემაში მან ამოხსნა.
"ჩემთვის ამოვხსენი, ეს კი არ ნიშნავს, რომ მე როგორც მეცნიერმა და რუსთველოლოგმა გავაკეთე ეს. მე ეს გავაკეთე როგორც რეჟისორმა", - აცხადებს სტურუა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მომხდარმა სკანდალმა, რომელიც სპექტკლის დადგმის საკითხს უკავშირდებოდა, საკმაოდ ბევრ ადამიანს პოემის კითხვის სურვილი გაუჩინა.
"მაშინდელმა სკანდალმა ერთი საქმე მაინც გააკეთა, რომ ხალხმა დაიწყო ამ ნაწარმოების კითხვა. მე იმედი მაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად განვითარდა - როგორც მე მეჩვენება, და უნდა განვითარდეს, ბოლოს და ბოლოს სიკეთე იმარჯვებს, როგორც ამ პოემაშივე წერია - მაშინ თუ მეყოფა ძალა მე დავუბრუნდები ამ ჩანაფიქრს", - აცხადებს სტურუა.
მისივე თქმით, თუ სპექტაკლი არ გამოვიდა კარგი, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ცდა.
"ამ ნაწარმოებს ერთი დარტყმით ვერ გააკეთებ. უნდა შეიქმნას ერთი ტრადიცია, მერე კიდე სხვა რეჟისორმა დადგას. როგორც საერთოდ ხდება, პიესები თეატრში ერთმანეთს ეხმარებიან განვითარებაში", - აცხადებს სტურუა.