წნორის ღვინის ქარხანა ყურძნის მიღებას დაგეგმილზე სამი დღით ადრე, დღეიდან დაიწყებს. რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე წნორის ღვინის ქარხანაში დღეს პრემიერ - მინისტრი ვანო მერაბიშვილი ისაუბრებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრემიერი გააკეთებს განცხადებას, რომელ ღვინის ქარხნებში შეეძლებათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება.
დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, ალაზნისპირა სოფლებში ყურძენი უკვე მწიფეა და შაქრიანობა 22 გრადუსს აღწევს. გლეხები მოსავლის დასაბინავებლად ღვინის ქარხნების გახსნას ელოდებიან. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, წელს რეგიონში ყურძენს 55 პუნქტი ჩაიბარებს. რა ფასად ჩაიბარებენ ღვინის ქარხნები ყურძენს, ჯერ ცნობილი არ არის. მთავრობის მიერ რთველის სუბსიდიისათვის საჭირო თანხის გამოყოფა ამ დრომდე არ მომხდარა.
2011 წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 113 506 ტონა შეადგინა. აქედან 82 179 ტონა რქაწითელი, 26 236,5 ტონა საფერავი, 5 090,5 ტონა კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო, მათ შორის ჰიბრიდული. რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 45-50 თეთრად, საფერავი კი 60-65 თეთრად ჩაიბარეს. აქედან რქაწითელზე სუბსიდია 15 თეთრი, საფერავზე კი 25 თეთრი იყო. კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირების მიუხედავად, გლეხებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარება უჭირდათ, რის გამოც საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.