ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ლიდერის, მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირვეელი ტერორისტის, უსამა ბენ ლადენის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ითამაშა.
კლინტონმა შეძლო ბარაკ ობამას დარწმუნება, რომელიც სპეცოპერაციის ჩატარების გაადაწყვეტილებას ვერ იღებდა.
აღნიშნულის შესახებ საუბარია წიგნში, "მეორე რიგის როლი: მერყევი პრეზიდენტი და მრჩევლები, რომლებიც მის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს". წიგნის ავტორია ამერიკელი ჟურნალისტი რიჩარდ მინიტერი.
მინიტერი საკუთარ წიგნში ეყრდნობა აშშ-ის სამხედრო სარდლობაში არსებულ წყაროებს.
მინიტერი აღნიშნავს, რომ ობამას ეშინოდა ბენ ლადენის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმის ოპერაციის ჩატარების, რადგან წარუმატებელი ოპერაციის შემთხვევაში საზოგადოებას შეეძლო მისი გაკიცხვა.
ავტორი წერს, რომ ამ მიზეზით ობამამ სამჯერ - 2011 წელის იანვარში, თებერვალსა და მარტში, გადადო ოპერაციის ჩატარება. ოპერაციაზე უარის თქმას მას დიდი ხნის მრჩეველი და ნდობის აღჭურვილი პირი ვალერი ჯარეტი აიძულებდა, რომელიც მისი წარუმატებლობის შემთხვევაში ობამას იმიჯის კატასტროფულ ვარდნას ვარაუდობდა.
ამავდროულად ჰილარი კლინტონი, ობამასთან რეგულარული შეხვედრების დროს მოითხოვდა სპეცოპერაციის ჩატარებას.
"მან იცოდა - მისმა მეუღლემ პოლიტიკურად საკმაოდ დიდი საფასური გადაიხადა, იმაში, რომ ვერ შეძლო 11 სექტემბრის ტერაქტამდე ბენ ლადენის შეჩერება. კლინტონმა იცოდა, რომ თუ ობამა არ გამოიყენებს შესაძლებლობას გაანადგუროს ტერორისტი, ეს ნეგატიურად აისახება მის საპრეზიდენტო ვადაზე", - აღნიშნავს ავტორი.
მინიტერი აღნიშნავს, რომ ობანას დარწმუნებაში კლინტონს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის იმდროინდელი დირექტორი ლეონ პანეტა და გენერალი დევიდ პეტრეუსი დაეხმარნენ.
ამის მიუხედავად ობამა მაინც მერყეეობდა. ოპერაცია დაინიშნა 1 მაისისთვის, მაგრამ კიდევ ერთი დღით გადაიდო. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ გადადების მიზეზი ცუდი ამინდი იყო. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ოპერაციის ჩატარების ადგილას "იდეალური ამინდი" იყო.
თეთრმა სახლმა ოპერაციის სამჯერ გადადებისა და ობამას მერყეობის ფაქტებს, რომელიც წიგნშია მოყვანილი, ფაბრიკაცია უწოდა.