ბოლო ათი დღეა, სამტრედიაში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლადო ვარძელაშვილისა და მისი "ზონდერბრიგადების" მობილიზება შეინიშნება , - ამის შესახებ კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამტრედიაში ვარძელაშვილთან ერთად, გია უდესიანიც შენიშნეს.
"არ ვიცი, უდესიანი სამტრედიაში ცხოვრობს თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვარძელაშვილი სისტემატიურად იქ იმყოფება. არ ვიცი, კონკრეტულად რა დავალება აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ მის ირგვლივ ტრიალებენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოყვანილი "ზონდერბრიგადები", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ვარძელაშვილის გუნდი ცდილობს, მოსახლეობასთან მისი შეხვედრები ჩაშალოს და არ მისცეს საშუალება მოსახლეობას კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნონ.
კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინ სამტრედიაში, დაბა კულაში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა და აღნიშნა რომ ინციდენტის შედეგად დაშავებულ ქალი, რომელიც დაკავებული სერგო კიღურაძის ბიცოლაა, დღეს ქუთაისის საავადმყოფოში ექსპერტიზისითვის გადაიყვანეს.
"ამ ქალბატონს უშუალოდ სამტრედიის პოლიციის უფროსმა წინა კბილები ჩაუმტვრია, აქვს ტვინის შერყევაც. დღეს ის ქუთაისის საავადმყოფოში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, რადგან სამტრედიის საავადმყოფოში არ მიიღეს. საუბარია იმაზეც, რომ ქალბატონს შესაძლოა, მოტეხილი ჰქონდეს ყბაც", - აღნიშნა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან და აღნიშნულის შესახებ მასალას გადასცემენ.
"ჩვენ ინციდენტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას უკვე შევატყობინეთ", - აღნიშნაკალაძემ.