ჩვენ ვფიქრობთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხს მეტი შემოსავალი გაუჩნდეს ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბახმაროში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებმა ბიზნესი "გააკეთონ".
"მომავალ წელს აქ იქნება მეტი სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვებმა დაისვენონ და გაკაჟდნენ და ნორმალურად ისიამოვნონ აქაურობით. ჩვენ დავაყენეთ უკვე ქარის რადარები. წელს ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და ჩვენ ვიწყებთ ბახმაროში სათხილამურო კურორტის კეთებას. არავისზე ნაკლები არ არის. აქ უნდა იყოს დასვენება ზაფხულ-ზამთარ. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი წყლები გურიაში და უნდა განვავითაროთ მინერალური წყლების გარეშემო დასასვენებელი ადგილები. ჩვენ გვაქვს. ბახმარო, ძალიან მაგარი ზაფხულის და უკვე ზამთრის კურორტი, რომელიც არის საქართველოს სიამაყე და მშვენებაა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ აქ ხალხი დასაქმდეს. როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ მეტი შემოსავალი გაუჩნდეს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის არ იყოს დამოკიდებული მარტო სახელმწიფოს დახმარებაზე. უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ მას თავისი შემოსავალი ჰქონდეს, თავისი ბიზნესი გააკეთოს", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს პირველი სასტუმრო გაიხსნა და მომავალ წელს კიდევ სამი გაიხსნება.
პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის სასწაულის შესახებ, რაც აქამდე მხოლოდ გურულებმა იცოდნენ, ამიერიდან მთელს მსოფლიოს და რეგიონს ჰქონდეს წარმოდგენა.