წყნეთში, "მესხთა კავშირის" სემინარის 37 მონაწილისგან ხუთს H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, იგივე ვირუსით არიან დაინფიცირებულნი სხვებიც, თუმცა მათ დაავადების მსუბუქი ნიშნები აღენიშნებათ, რის გამოც მკურნალობას სახლის პირობებში გადიან.
ის ხუთი ადამიანი კი, რომლებსაც H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ სემინარის 37-ვე მონაწილე 29 იანვარს, ვირუსის სიმპტომების გამოვლენის მიზეზით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათ გრიპის სიმპტომები ორგანიზაცია "მესხთა კავშირის" სემინარზე გამოუვლინდათ. წინასწარი ინფორმაციით, დაავადებულებს ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.
დაავადებულთა უმრავლესობა ახალციხიდან და ქვემო ქართლიდანაა.