ხვალ, 18 აგვისტოს, სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება.
პირი, რომელიც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობს, ვალდებულია, თან იქონიოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) - რომლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს (იხილეთ სახაზინო კოდები) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია, ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისთვის დადგენილი წესების, ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 01 მარტამდე.
ნადირობისთვის აკრძალული ადგილები: სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონა, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები.
ნადირობის დროს აკრძალული მეთოდები: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით - ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.
დაშვებულია: ნადირობისას გამოყენებული იქნეს მონადირე ძაღლები და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველები. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისთვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.
მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისთვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.
ნადირობა აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ამასთან, თუ სამართალდამრრვევს აქვს უკანონოდ მოპოვებული ფრინველი, მას საჯარიმო თანხასთან ერთად დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.