დღეს, 16 აგვისტოს, აღდგენილი რაბათის ციხე გაიხსნება. რაბათს, რომელსაც "ტოლერანტობის სიმბოლოს" უწოდებდნენ, ისტორიული იერსახე უბრუნდება. მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობს მოიცავს, 2011 წლის მაისში დაიწყო. ეს ახალციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპია, რომელიც გეგმის მიხედვით 2012 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ფარგლებში მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება გადაწყდა. თუმცა, ძველის აღდგენის გარდა, რაბათს თანამედროვე ტიპის ობიექტებიც შეემატა. მისი რეაბილიტაციისთვის ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
რაბათის ციხე საზეიმოდ გაიხსნება და გახსნის ცერემონიალზე სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური იმღერებს. აზნავური ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შარლ აზნავურის დაპატიჟების შესახებ, რომლის წინაპრებიც, რომლის მამაც დაიბადნენ ახალციხეში. მას ძალიან უყვარს ეს ქალაქი. იგი ორჯერ იყო საქართველოში და ყოველთვის ჩამოდიოდა აქ. ყოველთვის ითხოვდა ახალციხეში ჩასვლას", _ აცხადებს საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ გენა მურადიანი.
IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი - ლომსია უნდა რქმოდა. "მატიანე ქართლისაის" ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ახალციხე XIII-XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, ახალციხე სამცხის მთავართა ჯაყელელების "საჯდომი" და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს მთლიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ. სამცხე-საათაბაგოს და კერძოდ, ახალციხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მომძლავრებულ თურქეთთან მეზობლობა. თავისი არსებობის განმავლობაში ახალციხემ ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა.
პირველად თემურ-ლენგმა შეუტია ახალციხეს (1393 წელს). 1486 წელს იაყუბ ყაენმა "უბრძანა ლაშქარსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქს ახალციხისა. გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი".
1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.
თურქები ახალციხეში უმთავრესად სათავდაცვო მშენებლობას აწარმოებდნენ. მათ უკვე 1586 -87 წელს შეაკეთეს ქალაქის სიმაგრე და შემდეგაც აშენებდნენ ციხის ცალკეულ ნაწილებს. 1752 წელს ახალციხის ფაშამ, ჰაჯი ახმედმა, ციხეში ააგო მეჩეთი.
XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რუსული ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა ახალციხის საფაშოს (განსაკუთრებით კი თვით ციხე-სიმაგრე ახალციხის) შემოერთების საკითხი. ახალციხის შემოერთების გარეშე საქართველოს, განსაკუთრებით კი საფაშოს მეზობელ კუთხეებს, მოსვენება ვერ ეღირსებოდა. ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა.
რუსებმა ახალციხის აღება 18 წლის შემდეგ - 1828 წელს შეძლეს. 1829 წელს თურქებმა სცადეს ახალციხე უკანვე დაებრუნებინათ, მათ ალყა შემოარტყეს ქალაქს, მაგრამ დამარცხდნენ.
1829 წლის სექტემბერში, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს დაუბრუნა ახალციხის საფაშოს ნაწილი. ქალაქი ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა.
რაბათში განსაკუთრებით საყურადღებოა ძველებური "დარბაზები". დარბაზი ქართული ხალხურის საცხოვრებლის უძველესი ტიპია. ახალციხის რაბათში მესხური დარბაზების საუკეთესო ნიმუშები არსებობდა. რაბათისგან დარჩენილია აბანო და რამოდენიმე შენობის ნანგრევები, ხოლო ციხე მაღალ, კლდოვან მასივზე ყოფილა დაშენებული.
ციტადელი მაღლობზე აღმოსავლეთითაა გაშენებული და ქვედა დიდ ეზოს უერთდება დიდი განიერი კიბით, რომელსაც იცავდა შუაზე მდგარი ნახევარცილინდრული დიდი კოშკი. მის კედლებზე და მიმდებარე გალავანზე გამოყენებულია დაუდგენელი ეკლესიის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩევა ჯვარი წარწერით.
ციტადელის გალავანს განიერი ბილიკი აუყვება. იქვე მდგარი კოშკის ბანზე სწორკუთხა განიერი ქონგურებია. ეს ქონგურები თურქულია.
ციხის მაღალი ნაწილის ტერიტორია კედლებითაა დახლართული და მრავალი სხვადასხვა სახის ნაგებობაა ჩადებული. აქვეა დიდი გვირაბი, რომელიც მდინარის გაღმაც კი მიდიოდა. მეჩეთის ქვემოთ, მთავარი შემოსასვლელი ყოფილა. აქ ორმაგ კედლებს შორის ჭიშკარიც.
ახალციხეში, ციხისა და მის შიგნით დარჩენილ ცალკეულ ნაგებობათა გარდა, მაინცდამაინც ძველი ძეგლები არაა დარჩენილი. წმ. მარინეს ძველი ეკლესია (რაბათში) 1865 წელს ხელმეორედ აშენდა. ძველი შენობის მოჩუქურთმებული ქვები ახალი შენობის კედლებშია ჩატანებული. სხვა ეკლესიები XIX საუკუნისაა.