ხვალ, 15 აგვისტოს, "ტოიოტა ცენტრში" "მის საქართველო 2012"-ის ფინალისტების წარდგენის ცერემონია გაიმართება. როგორც "იმიჯ ცენტრში" აცხადებენ, 3 აგვისტოს "მის საქართველო-2012"-ის ფინალური კასტინგი ჩატარდა და 20 კონკურსანტი შეირჩა, რომლებიც "მის საქართველო 2012"-ის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
კონკურსანტების საღამოს კაბებზე და ნაციონალურ კოსტიუმებზე მოდის სახლი "მარიონელა" ზრუნავს, საცურაო კოსტიუმებზე - თინათინ მაღალაშვილი, ფეხსაცმელზე - შუზ-კაფე "მადონა", კონკურსანტების გარეგნობაზე - სილამაზის სახლი "ბიუთი თაიმი".
კონკურსანტებს უკვე ჩაუტარდათ ფოტოგადაღება "კიკალა-სტუდიოში". რამდენიმე დღეში მათი ფოტოები პიქსელის მიერ დამზადებულ ვებგვერზე www.missgeorgia.ge და ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნდება, სადაც გამოვლინდება "მის ინტერნეტისa" და "მის ფოტოგენურობის" ნომინაციის გამარჯვებულები.
სამი დღის განმავლობაში კონკურსანტები იმყოფებოდნენ ახალციხეში და რაბათის ციხის ხედებზე ჩაიწერა მათი წარდგენის კლიპები. სწორედ ამ კლიპების მეშვეობით ტელეკომპანია "იმედის" მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს თითოეული მათგანი და ხმა მისცეს თავის ფავორიტს sms-ების მეშვეობით. დასახელდება ნომინაცია "ხალხის რჩეული". ფინალურ შოუზე წარმომადგენლობითი ჟიური გამოავლენს ნომინანტებს, ტოპ-5 და გამარჯვებულ "მის საქართველო 2012"-ს, რომელსაც გადაეცემა მთავარი პრიზი, ავტომობილი "TOYOTA RAV 4"-ის ახალი მოდელი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისისგან".
"მის საქართველო 2012"-ის დანარჩენი ნომინაციებია: "მის მეგობრობა", "მის ინტერნეტი", "მის ფოტოგენურობა", "მის ინტელექტი", "მის ტელეგენურობა", "მის ექსრავაგანტულობა", "მის მომხიბვლელობა", "მის ელეგანტურობა" და "მის გრაცია". "მის საქართველო 2012"-ის გამარჯვებული ტოპხუთეული სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.