ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში განზრახულია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ სახელმწიფო სტანდარტებს შემდეგი პროფესიებისთვის: შემდუღებელის; ელექტრიკოსის; მეფილე-მომპირკეთებელის; ზეინკალ-სანტექნიკოსის; ავტომობილის ძრავის შემკეთებელის; ავტომობილის სავალი ნაწილის შემკეთებელის; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის; მეღვინის; მევენახის; მზარეულის.
თითოეული პროფესიის სტანდარტის შემუშავებისათვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში შევლენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფში შექმნილი პროფესიული სტანდარტი ქვეყანაში განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად შესრულების პროცედურებს. ამასთან, იგი ასევე დაადგენს პროფესიის დონეებსა და მათ შორის სხვაობებს.
პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებისათვის დაგეგმილია შეხვედრები და ტრეინინგები, რომელსაც ჩაატარებენ პროექტის ხელმძღვანელი თომას ბლეიქი და მთავარი ექსპერტი სტანდარტების განხრით იოშკა ანასტასოვა, ქართველ ექსპერტებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პროფესიის სტანდარტი დღეის მდგომარეობით უკვე დამტკიცებულია და სამუშაო ჯგუფების მიერ მოხდება ამ სტანდარტების კორექტირება.