კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციების დარიგება დაიწყო. ფულად კომპენსაციას 18 000 ოჯახი მიიღებს. კომპენსაციების გაცემა „ლიბერთი ბანკის" ფილიალებში და „ლიბერთი ექსპრესის" მანქანების საშუალებით მიმდინარეობს.
„კომპენსაციების გაცემისთვის ვადები დადგენილი არ არის და მას ჩვენი საშუალებით ყველა დაზარალებული მიიღებს", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ლიბერთის ბანკის" სათაო ოფისში.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, კახეთში ძლიერი სტიქიის შედეგად ათასობით ოჯახი დაზარალდა. მთავრობამ დაზარალებულები სამ კატეგორიად დაყო. პირველი კატეგორია, ანუ ოჯახი, რომელსაც მოსავალი 100%-ით გაუნადგურდა, 1300-1500 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შედიან, რომელთაც მოსავალი 70-80%-ით გაუნადგურდათ. ისინი კომპენსაციის სახით 800-900 ლარს მიიღებენ. მესამე კატეგორიის დაზარალებულებს, მათ ვისაც სტიქიამ მოსავლის 50%-მდე გაუნადგურა, სახელმწიფო 300-500 ლარის კომპენსაციას გადასცემს.
მასალის გამოყენების პირობები