პოლიციის მიერ დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში დაკავებულ „ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ქრისტეფორე ჯანგირაშვილს მცხეთის სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ჯანგულ ჯანგირაშვილს კი 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილებს მცხეთის სასამართლომ განაჩენი დაცვის მხარის დაუსწრებლად გამოუტანა. ჯანგირაშვილების ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„ქართული ოცნების" მხარდამჭერები - ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილები შსს-ს პოლიციის დუშეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში 12 აგვისტოს, „ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრის შემდეგ დააკავეს.
65 წლის ქრისტეფორე ჯანგირაშვილი დაკავების შემდეგ დუშეთის პოლიციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, მას ნერვიულობის ფონზე ტაქიკარდია განუვითარდა. ჯანგირაშვილი მკურნალობის კურსს მცხეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. 65 წლის პენსიონერი საავადმყოფოდან სასამართლოში მალულად, საავადმყოფოს უკანა კარიდან გადაიყვანეს.