ქართველი სპორტსმენი ბეთქილ შუქვანი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ლონდონის ოლიმპიადაზე მომხდარსა და თავის გეგმის შესახებ საუბრობს. "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"ალბათ თქვენთვის ცნობილია ჩემს თავს გადამხდარი ისტორია. მე ჩამოვედი ლონდონში და ვიწყებ ლეგალურ პროცედურებს. ამასთან დაკავშირებით მსურს გავავრცელო განცხადება:
სამწუხაროდ, არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია. მე მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. საზოგადოებამ კარგად იცის ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ჩემს თავს გადახდენილი ისტორია. თუმცა, ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ ჩემი ამბით არ შემოიფარგლება. მე ახლა კვლავ ვიმყოფები ლონდონში, გავდივარ იურიდიულ კონსულტაციებს და ვაპირებ საერთაშორისო სასამართლოს მივმართო. მე ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლისთვის, გამოვააშკარავებ იმ მძიმე რეალობას, რაც დღეს ქართულ სპორტში არსებობს და ქართულ საზოგადოებას დროულად შევატყობინებ პროცესის მსველობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
შგახსენებთ, რომ 23 წლის ბეთქილ შუქვანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლადო ვარძელაშვილსა და მის მეგობარ გია უდესიანს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს. სპორტსმენი ამბობს, რომ ლონდონში ოლიმპიადაზე, ტურნირის დაწყებამდე უდესიანმა მას "ქართულ ოცნებასათან" ურთიერთობის შეწყვეტა ურჩია. მისივე თქმით, ტურნირის შემდეგ საღამოს, სასტუმროსთან მას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უდესიანი 10 მეგობართან ერთად საქმის გასარჩევად ელოდებოდა, რის გამოც ის იძულებული გახდა სასტუმროს ფანჯრიდან გაპარულიყო და შემდეგ მეგობრების დახმარებით საქართველოში დაბრუნებულიყო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შუქვანთან რამე სახის კონფლიქტს უარყოფს.