დღეს, 14 აგვისტოს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციის ბოლო დღეა. დღევანდელი დღის ჩათვლით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეთა კანდიდატებს საშუალება აქვთ ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასება გაასაჩივრონ. აპელაციის შეტანა 9 აგვისტოს დაიწყო.
სააპელაციო განაცხადები თბილისში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი), ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრში კვირის გარდა ყოველდღე, 10:00-იდან - 18:00 საათამდე მიიღება.
კონკურსანტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას წარმოადგენს.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. აპლიკანტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ.