საქართველოს მწერალთა კავშირმა 95 წლის იუბილეს აღნიშვნა აჭარიდან დაიწყო. აჭარის მწერალთა კავშირში დღეს მწერლები და პოეტები ქვეყნის ყველა რეგიონიდან შეიკრიბნენ. იუბილე საზოგადო მოღვაწეებს საქართველოს, აფხაზეთის და აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეებმა მიულოცეს. მათ მწერალთა კავშირის 95-წლიან შემოქმედებით გზაზე ისაუბრეს.
იუბილარ მწერლებს ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახელობის პრემიები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. იუბილე სხვა რეგიონებშიც აღინიშნება. დასკვნითი მასშტაბური ღონისძიება სექტემბერში თბილისში გაიმართება.
საქართველოს მწერალთა კავშირი 1917 წელს კოტე მაყაშვილმა, პავლე ინგოროყვამ, ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ და სხვა ცნობილმა მოღვაწეებმა დააარსეს. ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი იყო. მწერალთა კავშირში დღეს 500 შემოქმედია გაერთიანებული.