2009 წელს, უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირებული მონაცემები ეკონომიკის პოზიტიურ ზრდაზე მიუთითებს, განმარტავენ პრემიერ-მინისტრის აპარატში.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კლება გასულ წელს მხოლოდ საავტომობილო ბაზარზე დაფიქსირდა. საავტომობილო ბაზრისგან განსხვავებით, უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა შეინიშნება, რომელიც განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში დაფიქსირებული მონაცამებით არის გამოხატული.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ დაფიქსირებული ინდიკატორები 2010 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის გაგრძელებაზე მიუთითებს.
2009 წელს სულ 164 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა, რაც 2008 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17.5 პროცენტით ნაკლები, თუმცა 2007 წელთან შედარებით 40 პროცენტით მეტია. რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, გასულ წელს 118.5 ათასი მსგავსი სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა.
2009 წელს საქართველოში სულ 45 500 ტრანსპორტის იმპორტი განხორციელდა. ავტომობილის მფლობელთა ოდენობა კი, ათას მოსახლეზე 14-დან 151-მდე გაიზარდა.
უძრავი ქონების მეორად ბაზარზე კი, 2009 წელს სულ 259 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა. 2008 წელს კი, ეს მაჩვენებელი 245 ათას შეადგენდა.
იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, 8.7 პროცენტით შემცირდა. გასულ წელს მსგავსი ტიპის სესხი სულ 62 200 მოქალქეს ჰქონდა აღებული.
მთავრობის განმარტებით, ყოველი მე-5 ტრანზაქცია ბანკის მიერ გაცემული სესხით იყო განხორციელებული.
2009 წელს თბილისის მერიამ მშენბელობის დაწყებაზე 2 000-ზე მეტი ნებართვა გასცა, რაც 2008 წელის ანალოგიურ მონაცემებზე 1.5 პროცენტით მეტია.
მთავრობის ინფორმაციით, 2009 წელს სულ 45.3 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებზე 8 პროცენტით ნაკლებია.