მიხეილ სააკაშვილი სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდგორის ველზე საკმაოდ დიდი რაოდენობით მოსახლეობაა შეკრებილი, ისე როგორც წინათ, როდესაც ისინი საბრძოლველად იყვნენ მზად.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ზეიმზე შეკრებულ ადამიანებს მაისურებზე 5-იანი აწერია, რაც მათი ერთიანობის სიმბოლოდ შეიძლება აღიქვას.
სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დავით აღმაშენებლის დიდებასა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღმაშენებლის პრინციპი იყო თავისუფლება.
„ძალიან ბევრი ერი გაქრა დედამიწის ზურგიდან იმიტომ რომ იყო გაურკვევლობა. დღეს ჩვენი მტერი მოგვიწოდებს გაურკვევლობისკენ. ჩვენი მტრის დამქაშები და ისინიც ვინც აყოლილია მის ფეხის ხმას მოგვიწოდებენ რომ ქვეყანაში გაურეკვევლობა იყოს, მაგალითად იყოს მტყუანი და მართალი 2008 წლის ომში. რა უნდა იყოს საქართველოს გზა; გვინდა თუ არა ნატო და ევროკავშირი. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ აქ ამ ველზე ჩვენთან იდგა მაშინდელი ნატო. ჯვაროსნული ლაშქარი, რომელიც ჩვენთან ერთად იცავდა საქართველოს თავისუფლებას. ამგვარად შეუპოვრობა და მიზნის ზუსტი ხედვა არც ერთი წამით უკან წასვლა რისკენაც ჩვენ ჩვენი მოწინააღმდეგენი მოგვიწოდებენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა
და განაცხადა, რომ 2008 წელს მტერი იმიტომ კი არ დაგვესხა თავს რომ ჩვენი შესახედაობა არ მოსწონდა, არამედ მტერს ის არ მოსწონს, რომ საქართველომ შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა, რაც იყოს დიდი გამოწვევა ჩვენი მტრისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მტერი ყოველთვის მოქმედებდა დაყავი და იბატონეს პრინციპით და "უცებ ამ ყველაფრის მერე საქართველომ თანამედროვე სახელმწიფო აპარატის შექმნა შესძლო, რომელსაც შენატრის მთელი რეგიონი".
სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ მიზნით და მის გასანადგურებლად შემოიჭრა მტერი საქართველოში.
„საქართველოში არასოდეს არ აშენებულა ამდენი, დავით აღმაშენებლის შემდეგ ასეთი აღმშენებლობა როგორიც ახლაა, არ ყოფილა"- განმარტა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, რამდენი ლიპარიტ ბაღვაშიც არ უნდა გამოუგონონ საქართველოს იმდენი ახალი დავითი დაიბადება და საქართველოს აუცილებლად ნათელი მომავალი ექნება.