მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში კიდევ 20-მდე გადასასვლელი ხიდი დამონტაჟდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის "დაცული მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
"წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ 20-მდე გადასასვლელი ხიდი დამონტაჟდება, რომელიც ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა გზის გადაკვეთისას ფეხით მოსიარულეებისთვის. ახალი ხიდები, რომელიც თბილისში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მონტაჟდება, უბედური შემთხვევების რიცხვს შეამცირებს", - განაცხადა მესხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად დედაქალაქში 20 გადასასვლელი ხიდია დამონტაჟებული.
ცნობისთვის, ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 4 454 ფეხით მოსიარულე დაშავდა და 667 დაიღუპა. აღნიშნული შემთხვევებისას მოძრაობის წესს უმეტესად ფეხით მოსიარულე არღვევდა.