სასტუმრო „კაბადონი" სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის Preferred Hotel Group - Preferred Boutique (www.preferredboutique.com) ქსელში წევრიანდება. ხვალ. 11 აგვისტოს, 13:00 საათზე „კაბადონსა" და Preferred Boutique-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება (მისამართი: ქ. სიღნაღი, თამარ მეფის ქ.#1). პრესკონფერენციას და ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან „კაბადონის" მფლობელი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, Preferred Hotel Group-ის კონტინენტური ევროპის რეგიონული დირექტორი ბრუნო ჩარუტინი (Bruno Chiaruttini) და კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი. ხელმოწერის ცერემონიის დასრულებისთანავე შედგება ინფოტური, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს სასტუმროს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიების ბოლოს რესტორან „კაბადონის" შეფმზარეული სტუმრებს უგემრიელესი კანაპეებითა და დესერტით გაუმასპინძლდება.
„კაბადონი" კომპანია „რედიქსის" მმართველობის ქვეშ არსებული პირველი ბუტიკ-სასტუმროა. მშენებლობაში ჩადებული საინვესტიციო ბიუჯეტი 4,5 მილიონი დოლარია. სასტუმროში დასაქმებულია 33 ადგილობრივი თანამშრომელი. დასავლური სტანდარტების მომსახურების უზრუნველსაყოფად ამჟამად მათ სპეციალური ტრენინგები უტარდებათ. „კაბადონი" სტუმრებს სექტემბრიდან მიიღებს.
სასტუმროს სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: შენობის ტერასებიდან და აივნებიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი პანორამა იშლება. „კაბადონი" 21 ნომერს აერთიანებს. სასტუმროს რესტორანში, რომელიც 120 პერსონაზეა გათვლილი, კერძო წვეულებებისა და ქორწილების ორგანიზებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სტუმრების განკარგულებაშია „სანსეტ ლაუნჯი" ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა.
„კაბადონი" პირველი ბრენდირებული სასტუმროა კახეთის რეგიონში, რომელიც დამსვენებელს სპისა და ველნესცენტრის მომსახურებას სთავაზობს. აქ განთავსებულია საცურაო აუზი, ფინური და არომასაუნები, უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნესდარბაზი და სარელაქსაციო ლაუნჯი. სასტუმროს სპაში წარმოდგენილია თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნადი, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი კოსმეტიკური და თერაპიული პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანი.
„მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად შემოდის და ოპერირებას იწყებს ასეთი მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდი. Preferred Boutique-ის ქსელში გაწევრიანებულ 65 ქვეყნის 700-ზე მეტ სასტუმროსა და კურორტს უნიკალურობა და ექსკლუზიურობა გამოარჩევს. საამაყოა, რომ „კაბადონი" სწორედ ამგვარი ტიპის სასტუმროდ იქნა აღიარებული და Preferred Boutique-ის პრესტიჟული სასტუმროების მსოფლიო რუკას ახლა უკვე საქართველოც დაემატა. სიღნაღში ესოდენ ცნობილი ბრენდის ქოლგის ქვეშ მოქცეული სასტუმროს არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის კახეთში უცხოელი ტურისტების რაოდენობას, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება მთლიანად რეგიონის განვითარებაზე", _ აცხადებს კომპანია „რედიქსის" გენერალური დირექტორი ბატონი ლაშა პაპაშვილი.