აჭარაში კემპინგის განვითარება იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ქობულეთის შესასვლელთან, ფინჭვნარის ზოლში, ჰექტარ-ნახევარ ფართობზე სასტუმროს ტიპის გარემოს შექმნა გადაწყვიტა. კემპინგის კეთილმოწყობის სამუშაო დამთავრების სტადიაშია.
"მალე ქობულეთში ჩამოსულ გარემოს მოყვარულ ახალგაზრდას, სტუდენტს, მოგზაურს, ტურისტს ან ტურისტების ჯგუფს 2 ლარად ღამის გათევაც შეეძლებათ, 5 ლარად 1 საათის განმავლობაში ისარგებლებენ "შვედური მაგიდით", სურვილისამებრ, საჭმლის მომზადება თავადაც შეეძლებათ", - განმარტავენ დეპარტამენტში.
ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ეს სიმბოლური ფასები, პირველ ყოვლისა, ტურისტთა მზარდი ნაკადის მოზიდვას ემსახურება და ევროპისთვის უკვე ნაცადი და გამართლებული მეთოდია. ობიექტი ერთდროულად ორასზე მეტ კლიენტს მოემსახურება.