"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო განცხადებას ავრცელებს.
"გუშინ ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა რეალური სახე, პოლიციის დანაყოფები უმოწყალოდ გაუსწორდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ჟურნალისტებს. სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების მე-4 წლისთავზედაც კი სააკაშვილის მთავრობა აგრძელებს მოქალაქეებზე ძალადობას", _ აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, ხელისუფლება უმოწყალოდ უსწორდება როგორც დევნილებს, ასევე ჟურნალისტებს; ცდილობს ძალადობით ჩაახშოს სამართლიანი საპროტესტო განცხადებები, ყველანაირად შეუშალოს ხელი მუშაობაში თავისუფალ მედიას.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო უერთდება ტელეკომპანია "მაესტროს" განცხადებას, მათი ოპერატორის ცემასთან დაკავშირებით, მასთან ერთან მიმართავს, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ მომხდარს. მივმართავთ ყველა დემოკრატიულ და ეროვნულ ძალას, რომელსაც ადარდებს საქართველოს ხვალინდელი დღე, წინ აღუდგეს არსებულ ძალადობას, რათა ქვეყანა მომავალ საფრთხეებს ავაცილოთ", _ ნათქვამია განცხადებაში.