საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სახელმწოფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის საფუძველი სალიცენზიო პირობების დარღვევა გახდა.
ბოლო დროს გახშირდა მოქალაქეთა საჩივრები ქ.თბილისის ცალკეული უბნების სასმელი წყლით მომარაგების შეფერხების ფაქტებთან დაკავშირებით. კომისიის მიერ დამტკიცებული სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების უწყეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება და ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემები დროულად მოაგვაროს.