მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ფინანსურად შეძლებულ თანამემამულეებს მოუწოდებს, ჩაერთონ 3 აგვისტოს დაგეგმილ საჯარო აუქციონში, შეიძინონ და მესაკუთრეებს დაუბრუნონ ბინები, რომლებსაც ისინი "ქართული ოცნების" ფონდში თანხის ჩარიცხვის გამო კარგავენ.
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 3 აგვისტოს საჯარო აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ იმ ქართველ მოქალაქეთა ბინებს, ვინც "ქართული ოცნების" ფონდში გარკვეული თანხა ჩარიცხა. უმორჩილესი თხოვნით მოგმართავთ როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ შეძლებულ თანამემამულეებს, შეისყიდოთ და მფლობელებს დაუბრუნოთ ეს ბინები. ვინც ჩემს თხოვნას დადებითად გამოეხმაურება, ის არამარტო უსახლკარობისგან იხსნის 6 ოჯახს, არამედ თავისი საქციელით დიდ ზნეობრივ საქმესაც აღასრულებს. ქართველებო, ღმერთი არ ივიწყებს სიკეთეს", - ნათქვამია ჭაბუა ამირეჯიბის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ გააცნო.