ვაშლოვანის ნაკრძალში ცეცხლი ისევ გაჩნდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით დუღაშვილმა განუცხადა, ხანძრის სალიკვიდაცო ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთო და დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის.
„ცეცხლის ახალი კერა ერთი საათის წინ ჩავაქრეთ. მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით. მობილიზებული იყო კახეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ავიაცია დაგვეხმარა და ხანძრის ლოკალიზება ისე შევძელით. ცეცხლის ახალი კერის წარმოქმნის მიზეზი ხმელი ბალახი იყო. ჩაწოლილი, ხმელი ბალახია მინდორში. ალბათ, ნაპერწკალი ჩავარდა და ხანძარი ისევ გაჩნდა. მხოლოდ მინდვრები დაიწვა. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს", - განაცხადა დუღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 1 000 ჰექტარზე მეტი მინდორი და ფერმა დაიწვა.
მასალის გამოყენების პირობები