ხვალ, 2 აგვისტოს, სალომე ქართველის ხსენების დღეა. ქართველი წმინდანის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: "ამასვე დღესა წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელ პირველ შესცდა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკვეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი".
ტიმოთე გაბაშვილი თავის "მიმოსვლაში" აღნიშნავს, რომ: "მუნ (ე. ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიათ უსჯულოთა და დატევებისთვის სჯულისა, აიძულებდნენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მხნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი".
როგორც ჩანს სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმინდა ლუკა იერუსალიმელის (გ. 1227 წ. ხს. 12 თებერვალი) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.