ხვალ, 2 აგვისტოს ბათუმში ვალერი მელაძის კონცერტზე დასწრების მსურველებს ავიაკომპანია "აირზენა" უნიკალურ შანსს აძლევს. სპეციალურად კონცერტზე დასასწრებად "აირზენამ" ჩარტერული რეისი დანიშნა, რომელიც მგზავრებს თბილისიდან ბათუმისკენ 6:30 საათზე გადააფრენს, ხოლო კონცერტის დასრულების შემდეგ თბილისში დააბრუნებს.
აღსანიშნავია, რომ მშობლიურ ქალაქში ვალერი მელაძე საქველმოქმედო კონცერტს მართავს, რომელზე დასასწრები ბილეთებიც 30-80 ლარი ღირს. კონცერტი ბათუმში პიაცას მოედანზე გაიმართება, სადაც ერთდროულად 3 ათასი მაყურებლის დატევაა შესაძლებელი. ვალერი მელაძის კონცერტის წარმომდგენია კომპანია "ორბი ჯგუფი", რომელიც მომღერლისთვის სპეციალურ სიურპრიზს ამზადებს. კონცერტის ორგანიზატორთა განმარტებით, მომღერალი ყველა იმ ცნობილ ჰიტს შეასრულებს, რაც ქართველ მაყურებელს ვალერი მელაძის შემოქმედებაში უყვარს. ორგანიზატორებს იმედი აქვს, რომ მაყურებელსა და მომღერალს შორის ინტერაქტივი დამყარდება და კონცერტი საკმაოდ სასიამოვნოდ ჩაივლის.