1-ლი აგვისტოს ერთ წელი შესრულდა, რაც საქართველოში ID ბარათების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე ID ბარათის მიღების სურვილი სულ 424 464-მა მოქალაქემ გამოთქვა, მათ შორის 22 513 სტუდენტია.
გურჯაანის იუსტიციის სახლში, 1 აგვისტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა, ID ბარათების გაცემის ერთი წლის სტატისტიკა წარმოადგინა და ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების მსურველ სამ ახალგაზრდას სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
მისი თქმით, ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. დოკუმენტების გაცემის დროს მოქმედებს არაერთი შეღავათი: ID ბარათი უფასოდ გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001 არ აღემატება; სტუდენტებზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებზე; პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.
ბარათის ფუნქციები: 2011 წლის 10 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეუძლიათ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორენოვანი ელექტრონული ID ბარათით გადაკვეთონ საზღვარი. ამ დოკუმენტის საშუალებით მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე (www.my.gov.ge) დათვალიერება, რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა და ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მაღება და სხვა.
ID ბარათი იგივე სტუდენტური ბარათებია, რომელთა გაცემაც 12 ივნისიდან დაიწყო. ბარათზე განთავსებულია ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, რის შემდგომაც სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა ფადაკლება როგორც, საჯარო ასევე კერძო სექტორისაგან.
თუ სტუდენტი პირველად იღებს ბარათს მასზე დოკუმენტი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს უკვე აქვს ID ბარათი, იგი მიმართავს იუსტიციის სახლებსა და
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ბარათით, რომელზეც მოხდება სტუდენტის ინფორმაციის დატანა. ინფორმაცია ბარათზე განცხადების შეტანიდან შვიდი დღის ვადაში უფასოდ განთავსდება. ამ შემთხვევაში, სტუდენტის ID ბარათის გარეკანზე ვიზუალურად დატანებული იქნება სიტყვა „სტუდენტი".
სტუდენტებს სპეციალური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა 1 ივლისიდან მიეცათ. ახალი პროექტის მიხედვით, მათთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფასდაკლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სტუდენტები პასპორტის საფასურისაგან თავისუფლდება - 5%-ით, ხოლო სამოქალაქო რეესტრის ყველა სხვა მომსახურების საფასურისაგან თავისუფლდება 10%-ით.