არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში იმას იწვევს, რომ რუსეთში ტერაქტების განხორციელება გრძელდება, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში რომელიც მსოფლიოში ტერორისტულ მდგომარეობას ეხება.
ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ძალადობის ძირითად ფაქტორებად რჩება "სეპარატიზმი, ეთნიკური შუღლი, შურისძიება, ბანდიტიზმი და ექსტრემისტული იდეოლოგია".
"ჩრდილოკავკასიაში აღმოცენებული ძალადობა, ხანდახან რუსეთის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება", _ აცხადებენ ავტორები.
ამის ყველაზე კარგად ამსახველ შემთხვევად ანგარიშის ავტორები "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ასახელებენ, რომელზეც პასუხისმგებლობა "იმარატ კავკაზის" ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო. ამ ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 148 დაიჭრა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე ნახსენებია ტერაქტების სერია 2011 წლის თებერვალში.
"აეროპორტ "დომოდედოვოზე" თავდასხმის გარდა, ინციდენტების უმრავლესობა კავკასიის რეგიონში მოხდა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ იყო მიმართული", _ აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს დაალაგოს კონსტრუქციული ურთიერთობა დარეგისტრირებულ ზომიერი ყაიდის ისლამისტურ ორგანიზაციებთან, ასევე ატარებს ზომებს რადიკალიზაციის და ექტრემიზმისა და ამასთან ერთად ნაციონალიზმის გავრცელების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2011 წელს რუსეთში შემოღებულ იქნა ტერორისტული საფრთხის ფერადობრივი შკალა. მსგავსი სისტემები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელსა და იაპონიაში.
ტერორიზმთან ბრძოლას ასევე ხელს უწყობს ბიომეტრიული პასპორტების შემოღება, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ეფექტური დაცვის სისტემითაა აღჭურვილი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ასევე არის მონაწილე საერთაშორისო კონტრტერორისტული ორგანიზაციებისა და გაერთიანებებისა.