კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკის ელჩთა კულტურის დაცვის ფონდის (AFCP) თანადაფინანსებით, "არმაზციხის არქეოლოგიური საიტის კონსერვაცია" დასრულებულია.
დღეს 31 ივლისს 15:30 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მცხეთაში - ბაგინეთის არქეოლოგიურ ძეგლზე დასულებულ სამუშაოებს მოინახულებს.
ქართულ ამერიკული პროექტის ფარგლებში ბაგინეთის არექოლოგიური საიტი ნაყარი მიწისგან და მცენარეული საფარისგან მთლიანად გაიწმინდა, კონსერვაცია ჩაუტარდა სამეფო აბანოს, მარანსა და ქვის სარკოფაგს; დაცვითი ხის კიბეები დამონტაჟდა კლდეკარზე, წარმართულ ტაძარსა და მარანს შორის. ძეგლის ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო დაფები და მოეწყო ბილიკები.
პროექტის პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ბაგინეთში განხორციელდა ყველა არქეოლოგიური ძეგლის - დედოფლის აბანოს, წარმართული ტაძრის, ორსენაკიანი ნაგებობის, სვეტებიანი დარბაზის, ერთნავიანი ეკლესიის კონსერვაცია. მოეწყო და დამონტაჟდა ინფრასტრუქტურის მთავარი ელემენტები - ჯიხური, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები და უსაფრთხოების მოაჯირები.
ამ დროისთვის კულტურლი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზემის მიერ ანტიკური ხანის სამეფო კომპლექსის კვლევითი არქეოლოგიური სამუშაო უკვე დასრულებულია. ახალი სამეცნიერო მონაცემებით, დაახლოებით 400 მ² მიწის ფართობზე გამოვლენილია ქვათლილებით ნაგები სათავსოს ნაშთი, „ორსენაკიანი ნაგებობის" ჩრდილოეთით, აღმოჩენილია ქვის საფუძველზე ალიზით ნაგები და კრამიტით გადახურული ექვსი ცალკეული სახლი (II-III სს.) და ქვატეხილებით და ქვათლილებით ნაგები ორი სახლი (IV-V სს.). ასევე გამოვლენილია II-III სს-ით დათარიღებული კერამიკული მასალა: სანელსაცხებლეს, ჩაფის, ხელადისა ფრაგმენტები.
არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოები დაფინანსდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, სამუშაობს აწარმოებდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრი.