თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, სტიქიისგან დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოების დროს, კიდევ 1 მუშა დაშავდა. 53 წლის ავთანდილ დალაქიშვილი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო.
დაშავებული თელავის სამედიცინო ცენტრიდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. „პაციენტი საავადმყოფოში გუშინ საღამოს შემოიყვანეს. მას ქალა-ტვინში სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მამაკაცს ნეიროქირურგის კონსულტაცია და ტომოგრაფიული გამოკვლევა ესაჭიროებოდა. პაციენტს თავზე ასევე ოპერაცია სჭირდებოდა, ამიტომ კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფოერმაციო ცენტრს თელავის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ალექსი ხუმარაშვილმა.
შეგახსენებთ, თელავში აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას უკვე 7 მუშა დაშავდა. მუშების თქმით, მათ ღამითაც ამუშავებენ და გადაღლილები არიან.