საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის პროცედურებს კიდევ უფრო ამარტივებს.
ამიერიდან მეწარმე სუბიექტის შესახებ ამონაწერის გაცემა ქართულის გარდა, უკვე ინგლისურ ენაზეც არის შესაძლებელი. ინგლისურენოვან ამონაწერს და მის ელექტრონულ ვერსიას აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულენოვან ამონაწერს და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.
უცხოელ ბიზნესმენებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების თანამშრომლებსა თუ რიგით მოქალაქეს უკვე შესაძლებლობა აქვთ სამეწარმეო რეესტრიდან ოფიციალური ინგლისურენოვანი ამონაწერი ან სასურველი ინფორმაცია გამარტივებულად, დროისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიიღონ.
ამ სერვისის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირს უხდებოდა თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობა, ხოლო შემდეგ კი ნათარგმნი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება. ახალი სერვისი - სამეწარმეო რეესტრის ინგლისურენოვანი ამონაწერები კი პროცედურებს უმარტივებს როგორც ბიზნესმენებს, ისე სამეწარმეო რეესტრში დაცული ინფორმაციით დაინტერებულ ნებისმიერ პირს.
დაინტერესებულ პირს ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნა შეუძლია სუბიექტის რეგისტრაციასთან ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციასთან ერთად, ამ შემთხვევაში რეგისტრაციის/ცვლილების საფასურს ემატება ინგლისურენოვანი ამონაწერის საფასური 20 ლარი და რეგისტრაციასთან ერთად ხდება ამონაწერის როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე მომზადება.
დაინტრესებულ პირებს სამეწარმეო რეესტრიდან ინგლისურენოვანი ამონაწერის მიღება საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ოფისებში, სააგენტოს ავტორიზებულ მომხმარებლებთან ან სახალხო ბანკის ფილიალებში შეუძლიათ.
სულ მალე ინგლისურენოვანი ამონაწერის მიღება ქვეყნიდან, ქალაქიდან, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობებს.
აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნეს სექტორის განვითარებას, უცხოური ბიზნესმენების დაინტერესებას და ინვესტიციების შემოდინებას.