"ბორჯომში იმდენი დასაქმებული, რამდენიც ახლა იქნება, კომუნისტების დროსაც კი არ იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში სტუმრობისას.
პრეზიდენტი ბორჯომს ესტუმრა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოს გაეცნო. სააკაშვილი ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს შეხვდა და ბორჯომის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა. ქვეყნის პირველმა პირმა ბორჯომის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოც დაათვალიერა.
"ბორჯომში იმდენი დასაქმებული, რამდენიც ახლა იქნება, კომუნისტების დროსაც კი არ იყო. პირველ ეტაპზე დასაქმებულია 700-მდე ადამიანი, ხოლო, საბოლოოდ, 1200-მდე ადამიანი დასაქმდება. შენდება ლამაზი სასტუმროები და ხიდი, რომელიც ძალიან უხდება აქაურ ინფრასტრუქტურას. საჭიროა გაიხსნას ბევრი მაღაზია, რადგანაც კურორტის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ მთელ მსოფლიოში სარეკლამო კამპანიას დავიწყებთ. ბორჯომში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან. ამიტომ, ყოველი ნაბიჯზე საჭიროა მაღაზიები და პატარ-პატარა კაფეები. გაიზრდება ბინების ფასები, მოსახლეობას მცირე ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა მიეცემა და ბევრად მეტი კრედიტის აღებას შეძლებენ",- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამ ეტაპზე ბორჯომში ხუთი სასტუმრო შენდება, რომელთაგან სამი სექტემბრისთვის გაიხსნება, ხოლო ორი - წლის დამლევამდე. ოთხ- და ხუთვარსკვლავიან სასტუმროები 100-150-ნომრიანი იქნება. სამშენებლო სამუშაოზე, ამჟამად 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მთი ამოქმედების შემდეგ კი, 700 სხვადასხვა პოზიციაზე 500 ადგილობრივი დასაქმდება.