საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბენელუქსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობით ტურს მასპინძლობს საქართველოში.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, გაცნობითი ტური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან პროექტის ფარგლებში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიების "Thomas Cook"-ისა (ბელგიიდან) და "Kuoni"-ის (ჰოლანდიიდან) წარმომადგენლები უკეთ გაეცნობიან საქართველოს და კონკრეტულ საზაფხულო კურორტებს. აღსანიშნავია, რომ "Thomas Cook"-ი მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთი წარმომადგენლობა, კერძოდ: პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, კანადაში, გერმანიაში და ა.შ.. გაცნობითი ტურის შემდეგ კი "Tomas Cook"-ისა და "Kuoni"-ის მეშვეობით, მათი წარმომადგენლები მსოფლიო მასშტაბით მიიღებენ ინფორმაციას საქართველოზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლატვიიდან ჩამოდის ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი Edijs Vitols, რომელიც გაცნობითი ტურის შემდეგ გამოაქვეყნებს სტატიებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთებში მსოფლიოს მასშტაბით.
ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზრებია. ცნობადობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2012 წლის მაისის თვიდან ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ხორციელდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასშტაბური სარეკლამო კამპანია.
2011 წელს საქართველოს ეწვია 1165 ლიტველი მოგზაური, რაც 40%-ით აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს, ხოლო 2012 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 33%-ით.
2011 წელს საქართველოს ეწვია 1 277 ლატვიელი მოგზაური, რაც 36%-ით აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2012 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ლატვიელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 9%-ით.
ჰოლანდია და ბელგია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზრებია, რადგან იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ცნობადობა ამ ქვეყნებში არცთუ ისე მაღალია, ბოლო პერიოდის განმავლობაში შეინიშნება ამ ქვეყნებიდან შემომავალი ვიზიტორების ზრდა. სწორედ ამიტომ, ბენელუქსის ქვეყნებიდან წამყვანი ტუროპერატორების ჩამოყვანა და მათთან თანამშრომლობის დაწყება საქართველოსთვის ძალიან პროდუქტიული იქნება. ჰოლანდიიდან ტურისტების შემოდინებას ხელს უწყობს პირდაპირი რეისის არსებობა თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით.
2011 წელს საქართველოს ეწვია 1 685 ჰოლანდიელი მოგზაური, რაც 32%-ით აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2012 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ჰოლანდიელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით, ხოლო ბელგიელი ვიზიტორების რაოდენობა 26%-ით გაიზარდა 2012 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.