"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, კახი კალაძეს პირადი საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრების უფლება ჩამოართვა, _ აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი წერილი საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლისგან მიიღო.
"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელაიის თანამშრომლისგან, ნიკოლოზ მარგველაშვილისგან, წერილი მივიღე, რომლის თანახმად, რადგან კახი კალაძე ბრალდებული არ არის, მისი მოთხოვნა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება", _ განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის მხრიდან, ეს უფლებამოსილების გადამეტებაა.
"მარგველაშვილს არ გააჩნია უფლებამოსილება, განიხილოს საჩივრები და გადაწყვეტილებები მიიღოს", _ განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოსგან ამ დრომდე შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კახი კალაძეს საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღა. კალაძის ადვოკატებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 27 ივლისს გაასაჩივრეს.
საჩივრის განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს 48-საათიანი ვადა ჰქონდა. აღნიშნული ვადა სააპელაციო სასამართლოს გუშინ ამოეწურა.