კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2012 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 5.2 პროცენტით, ანუ 412.6 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 8.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 133.6 მლნ ლარით (5.2 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 279.0 მლნ ლარით (ასევე 5.2 პროცენტით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2012 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 964.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 10.7 პროცენტით ანუ 93.5 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.7 მლრდ ლარის (შესაბამისად, 6.8 პროცენტით ანუ 237.3 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის მაისთან შედარებით, ა/წ ივნისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 7.5 პროცენტით ანუ 151.8 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი ივლისისათვის 1018.2 მლნ ლარით განისაზღვრა (15.0 პროცენტით ანუ 132.7 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 9.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 464.1 მლნ ლარია (7.0 პროცენტით, ანუ 30.2 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2012 წლის ივნისის განმავლობაში 2.7 პროცენტით ანუ 89.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 3.4 მლრდ ლარს მიაღწია.