თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მონტაჟი სრულდება. ინტერნაციონალურ მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ. გადახურვით სამუშაოებზე ქართველი, იტალიელი, თურქი და ჩინელი მშენებლები არიან დასაქმებული. სულ მშენებლობაზე 500 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.
თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ლითონის კონსტრუქცია თურქეთში აეწყო. საქართველოში ის 40 ქართველმა შემდუღებელმა ჩამოიტანა. სამონტაჟო სამუშაოები ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სამუშაოები არ წყდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიებზეც, წესრიგდება ინფრასტრუქტურა, სკვერი. მსოფლიოში ყველაზე დიდი სერვისცენტრი პირველი მომხმარებლების მიღებას შემოდგომიდან შეძლებს.
თბილისის იუსტიციის სახლის პროექტი ცნობილ იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუკსას ეკუთვნის. შენობა ოთხსართულიანია და მისი საერთო ფართობი 27 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მხოლოდ მომსახურების დარბაზი 7 000 კვადრატული მეტრია და 300 ოპერატორზეა გათვლილი.
არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თბილისის იუსტიციის სახლი დღის განმავლობაში 15 000-20 000-მდე ტრანზაქციას განახორციელებს.
თბილისის იუსტიციის სახლში, საკუთრივ იუსტიციის სამინისტროს სერვისცენტრების გარდა, განთავსდება სამოქალაქოსა საჯარო რეესტრების ბექ-ოფისები, ეროვნული ბანკი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ბანკების - თიბისის, საქართველოს ბანკისა და ლიბერთის ფილიალები. აქ მოსული მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით. თბილისის იუსტიციის სახლი მომხმარებლებს შესთავაზებს Just Drive-სა და JustCafe-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი მომსახურების მიღებას მოქალაქე მანქანიდან გადაუსვლალად ან კაფეში სტუმრობისასაც შეძლებს.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების, ასევე სხვა უწყებების სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლის კონცეფცია ქართული ნოვაციაა, ამდენად, მის მიმართ ინტერესი დიდია - ერთი წლის მანძილზე სერვისცენტრმა ათასამდე უცხოურ დელეგაციას უმასპინძლა.
იუსტიციის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია - სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა. სულ ახლახანს კი სერვისცენტრი, როგორც ყველაზე კომფორტული და ინოვაციური სერვისცენტრი, ინგლისის ლორდთა პალატაში დისკუსიის მთავარი თემა გახდა.