სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმარ მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ იგი პენიტენციური სისტემის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
,,ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა მიზნითაც მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისაკენ, რომ კვალიფიციურ ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს ყველა პატიმრისათვის.
მიმდინარე წლის 26 ივლისს, მედპერსონალის დაჟინებული შეთავაზების შემდეგ, მსჯავრდებულმა მ.ვ-მ თანხმობა განაცხადა დამატებით გამოკვლევებზე და შესაბამისად, მყისიერად გადაყვანილ იქნა №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც კვალიფიციურმა ექიმებმა და მათ შორის სეფსისის ცენტრის სპეციალისტმა ჩაუტარეს კონსულტაცია, საჭირო გამოკვლევები და განსაზღვრეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.
პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე სამინისტრო არა არის უფლებამოსილი განასაჯაროოს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი მ.ვ. ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გაყვანას არ საჭიროებს.
მ.ვ. იმყოფება პენიტენციური სისტემის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მისი თანხმობის შემთხვევაში, ყოველთვის უზრუნველყოფილია საჭირო გამოკვლევებითა და მკურნალობით.
მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება უზრუნველყოფილია მრავალპროფილური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, ასევე სამოქალაქო სექტორის წამყვანი სპეციალისტების მომსახურებით, დამატებითი საჭიროებების შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს პაციენტების გაყვანას სამოქალაქო სექტორის კლინიკებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ექიმ-სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტი მ.ვ. არ საჭიროებს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, სამედიცინო დეპარტამენტი ვერ გაითვალისწინებს უსაფუძვლო მოთხოვნებს და ამჯობინებს, რომ არსებული რესურსი მოახმაროს მათ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში განთავსებას.
ამ ეტაპზე პაციენტმა მ.ვ.-მ თანხმობა გამოთქვა ექიმ სპეციალისტთა კონსულტაციაზე და დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაზე, რითაც მყისიერად იქნა უზრუნველყოფილი. ამ გამოკვლევების შედეგების მიხედვით, პაციენტს შესთავაზებენ შემდგომი მკურნალობის კურსს.
სამინისტრო იმედოვნებს, რომ არ მოხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არცერთი სუბიექტი არ ისარგებლებს იმ გარემოებით, რომ კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს მ.ვ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია.