თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების დროს კიდევ 2 მუშა დაშავდა. 62 წლის შალვა შაქარაშვილი სახლის სახურავიდან გადმოვარდა, 22 წლის ზვიად რეხვიაშვილმა კი თუნუქის ფურცელზე ფეხი დაიზიანა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„ზვიად რეხვიაშვილს მარჯვენა წვივის არეში თუნუქის ფურცლისგან ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ჭრილობა დავუმუშავეთ, შემდეგ კი გავუკერეთ. ის ამჟამად ბინაზეა გაწერილი", - განაცხადა ექიმმა სერგო სარქისიანმა.
„შალვა შაქარაშვილი სოფელ კონდოლში სახლის გადახურვის დროს სახურავიდან ჩამოვარდა. პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩავუტარეთ. წელის მიდამოში დაჟეჟილობები აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა ექიმმა გიორგი ოქროპირიძემ.
შეგახსენებთ, 3 დღის წინ, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში სტიქიით დაზიანებული სახლების აღდგენაზე დასაქმებული მუშა, 71 წლის ნოდარ კორშია სახურავიდან გადმოვარდა და დაშავდა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებისას 24 წლის გიორგი გოგილაშვილიც დაშავდა, მას ხე დაეცა და საჯდომი ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ კი ე.წ. „სოლიდარობის ჯგუფის" წევრი, 45 წლის მამაკაცი ხარაჩოდან გადმოვარდა. მას სხეულზე ზოგადი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.
მუშების თქმით, მათ ღამითაც ამუშავებენ და გადაღლილები არიან.