საქართველოში დღგ, რომელზეც საგადასახადო შემოსავლების თითქმის ნახევარი მოდის, ეკონომიკურ ზრდას, პირდაპირ პროპორციულად არ მიჰყვება.
USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაში, რომელიც "პი-ემ-სიმ" ჩაატარა აღნიშნულია, რომ საგადასახადო შემოსავლების დინამიკის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის შემოსავლების 84 % გადასახადებზე მოდის. ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით 2013 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3 პროცენტსა რ უნდა აღემატებოდეს, ბუჯეტის ხარჯები კი მშპ-ის 30 %-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60 %-ს. ამასთან, ამავე აქტით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე მთავრობას არ შეეძლება გაზარდოს საერთო სახელმწიფოებრივი დანიშნულების გადასახადები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კვლევითმა ცენტრმა გამოიკვლია, რამდენად რეალურია ამ პარამეტრების დაცვა, ხომ არ შემცირდება საგადასახადო შემოსავლები ისეთ დონეზე, რომ სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულება გაუჭირდეს ან სწრაფად გაიზარდოს სახელმწიფო ვალი.
"2011-2012 წლები საქართველოს ეკონომიკისთვის პოზიტიურია, ქვეყანა გამოდის კრიზისული პერიოდიდან და უმჯობესდება ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მაგალითად, სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 2010 წელს იყო 45 %, 2012 წლის ბოლოსთვის 33 % მდე შემცირდება. ბიუჯეტის დეფიციტი 2009 წელს იყო 6.7 %, 2012 წლის პროგნოზი კი 1.5 %-ია"- აღნიშნულია კვლევაში.
ასევე მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია რამდენად შენარჩუნებადია დადებითი ტენდენცია და რამდენად მზად არის საქართველოს ეკონომიკა გამოწვევებს, მაგალითად, განმეორებით ფინანსურ კრიზისს, უპასუხოს.
"ყველა სახის გადასახადის შესწავლის საფუძველზე დავასკვენით, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), რომელზეც საგადასახადო შემოსავლების თითქმის ნახევარი მოდის, ეკონომიკურ ზრდას არ მიჰყვება პირდაპირ პროპორციულად. რეგრესული ანალიზის შედეგად, დღგ-ს ზრდის ტემპის კოეფიციენტი მშპ-ის რეალური ზრდის მიმართ არის 0.84. ფინანსთა სამინისტროს მოდელის მიხედვით იმპორტირებულ საქონელზე აქციზის პროგნოზირება ხდება ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, ჩვენ იმპორტის ზრდის ტემპს დავუკავშირეთ აღნიშნული გადასახადი. კვლევის შედეგად მათ შორის დამოკიდებულების კოეფიციენტი არის 0.7.
აღნიშნული მიგნებების გათვალისწინებით ავაგეთ საგადასახადო შემოსავლების მოდიფიცირებული მოდელი, რის შედეგადაც საგადასახადო შემოსავლები მშპ-ის მიმართ გრძელვადიან პერიოდში მცირდება. პროცენტული ცვლილება მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ 2025 წლამდე, სხვაობა ჯამში 10 მილიარდ ლარამდეა"- აცხადებენ კვლევის ავტორები.
ანალიტიკოსებმა სახელმწიფო ვალის მიმართ, ეკონომიკის ფისკალური მდგრადობაც შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს სავალო კრიზისი არ ემუქრება. მეტიც, ქვეყნის ფისკალური სექტორი მზად არის გაუძლოს ეკონომიკური ზრდის, სავალუტო კურსის და ბიუჯეტის დეფიციტის 3 წლიან შოკებს. სტრეს ტესტებმა აჩვენეს, რომ ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც მიჩნეულია ფისკალური მდგრადობის ზღვრულ პარამეტრებად, არ ცდებიან მაქსიმალურ ზღვარს.
"შევისწავლეთ საგადასახადო შემოსავლების სტრეს სცენარი, როდესაც საგადასახადო შემოსავლების ზრდის დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალური მშპ-ის ზრდის დონეს. ამ სცენარის განვითარება რეალურია, თუ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება იმ სექტორების ხარჯზე, რომლებიც დღგ-თი არ იბეგრება. ასევე, შემცირდება აქციზური საქონლის წილი. ამ სცენარის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები მშპ-ის მიმართ მნიშვნელოვნად მცირდება: თუ 2012 წელს 24. 6 %-ია, 2020 წლისთვის 20.5 %-მდე, ხოლო 2025 წელს 19.4 %-მდე ეცემა.
საგადასახადო შემოსავლების მშპ-ის მიმართ შემცირება ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი პირობაა, მაგრამ საჭიროა, მთავრობამ შეძლოს თავისი ვალდებულებების გასტუმრება სახელმწიფო ხარჯების მშპ-ის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირების პირობებში. კვლევამ აჩვენა, რომ ვალის მომსახურების მაჩვენებელი არ წარმოადგენს ისეთ სიდიდეს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის გადახდისუნარიანობას. მეორე მხარეა სოციალური ვალდებულებები (ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები და ა.შ.), რომლის ფარდობითი სიდიდე (მშპ-ის მიმართ) შემცირდება, თუმცა ნომინალურ
გამოსახულებაში ეს ხარჯებიც გაიზრდება. ეს არის გამოწვევა მთავრობისთვის, რა დონეზე ჩაერევა ეკონომიკაში და შემოსავლების გადანაწილებაში. ეკონომიკისთვის ყველაზე არასასურველი სცენარია სოციალური ხარჯების მაღალი ხვედრითი წილი შენარჩუნდეს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე. თუ ასეთი პოლიტიკა პერმანენტულად გაგრძელდება, ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას აუცილებლად საფრთხე შეექმნება"- ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ სწორი ფისკალური მართვის შემთხვევაში საქართველოს ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება, როგორც საშუალოვადიან ისე გრძელვადიან პერიოდში რეალურად შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად ზუსტად იქნას პროგნოზირებული მომავალი შემოსავლები და ხარჯები; მიღწეულ იქნას დაბალანსებული ბიუჯეტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ეკონომიკის სიმტკიცეს შესაძლო ფისკალური რისკების წინააღმდეგ. თუ მთავრობა შეეცდება ბიუჯეტის ხარჯების მშპ-ის მიმართ დღევანდელი თანაფარდობა (29.6 %) გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს, მას მოუწევს არასაგადასახადო შემოსავლების ზრდის გზები გამონახოს, რადგან ყველაზე პოზიუტიური სცენარითაც კი, ეს მაჩვენებელი 26.8 %-მდე მცირდება.