პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ბექაურების ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პოლისები პირადად გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ ბექაურების 6 სულიან ოჯახს ესტუმრა და ოჯახის მცირეწლოვან წევრებს, 4 წლის თამარსა და 3 წლის გიორგის, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები გადასცა.
ოჯახის უფროსმა წევრმა გივი ბექაურმა და მისმა მეუღლემ ქალბატონმა თამარმა, საპენსიო ასაკის მოქალაქეთათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები, „ლიბერთი ბანკში", რამდენიმე დღით ადრე, პენსიასთან ერთად მიიღეს.ისინი პოლისებით სარგებლობას 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
პრემიერ მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ბექაურების ოჯახს, პოლისით გათვალისწინებული მომსახურებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ოჯახის წევრებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
1 სექტემბრიდან, 0-დან 5 წლის ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის გარდა, სახელმწიფო დაზღვევას შემდეგი მიზნობრივი ჯგუფები მიიღებენ: სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. 2012 წლის 15 ივლისიდან , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო.
მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სწორედ ამიტომ , სახელმწიფო რეგულარულად აფართოვებს დაზღვეულთა წრეს. ამჟამად, სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს. კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 500 ათას მოქალაქეს შეადგენს. შესაბამისად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში დაახ 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.
მოგვიანებით, მთავრობის ხელმძღვანელმა და ჯანდაცვის მინისტრმა, შპს, „ჯეო ჰოსპიტალსის" კუთვნილი თეთრიწყაროს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს შეხვდნენ. მედიკოსები ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებს და რეფორმის ძირითად მიმართულებებს გაეცვნენ. მედპერსონალთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ექთნების ანაზღაურებით დაინტერესდა.
15 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრში 116 ადამიანი, მათ შორის: 32 ექიმი და 46 ექთანია დასაქმებული. კლინიკის ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია „ირაომ" 2.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. გახსნის შემდეგ თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრში 2258 პაციენტი მიიღეს.