შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, დააკავეს საქართველოს ხუთი მოქალაქე: გოჩა მჟავანაძე,ნოე გოგაძე, გივი გოგაძე, დათო ლილუაშვილი და ბესიკ გოგილაშვილი. აღნიშნულმა პიროვნებებმა, 2012 წლის 19 ივლისს, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, მალულად გადმოიტანეს 15981,81 ლარის ღირებულების მედიკამენტი „აქტიფედი"-ს 40979 აბი. ბესიკ გოგილაშვილის ბინიდან, შპს „ნიკა"-ს და ინდმეწარმე „ივეტა მაკარიძის" ავტორიზებული აფთიაქებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული მედიკამენტ „აქტიფედი"-ს 7820 აბი და ხსენებული არარეგისტრირებული მედიკამენტების შესაძენად გადახდილი თანხა 21800 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 214-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები