თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების დროს კიდევ ერთი მუშა, ე.წ. „სოლიდარობის ჯგუფის" წევრი, 45 წლის მამაკაცი დაშავდა. კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ ის თელავიდან თბილისში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ხარაჩოდან გადმოვარდა. „მამაკაცს სხეულზე ზოგადი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა იყო. საავადმყოფოში შემოყვანის დროს პაციენტი კონტაქტური იყო. მას ტომოგრაფიული გამოკვლევები ესაჭიროებოდა, ამიტომ კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე საჩიშვილმა.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში სტიქიით დაზიანებული სახლების აღდგენაზე დასაქმებული მუშა, 71 წლის ნოდარ კორშია სახურავიდან გადმოვარდა და დაშავდა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებისას 24 წლის გიორგი გოგილაშვილიც დაშავდა, მას ხე დაეცა და საჯდომი ძვალი აქვს გატეხილი. მუშების თქმით, მათ ღამითაც ამუშავებენ და გადაღლილები არიან.