აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 2"-ის სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებები გაფორმდა.
ხელშეკრულებებს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელი მოაწერა ADB-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ქეითი ჯულიანმა და საქართველოს მხრიდან სასესხო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ხოლო საპროექტო ხელშეკრულებას - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჭიჭინაძემ.
აღნიშნული ხელშეკრულებებით აზიის განვითარების ბანკის მიერ გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით გამოიყოფა დაახლოებით 80 მილიონ აშშ დოლარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობა და ქალაქ მცხეთაში, მდინარე არაგვზე მთავარ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის დასაქმებას. პროექტის შედეგად გაადვილდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო და გაიზრდება გადაადგილების უსაფრთხოება. აგრეთვე, გაადვილდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა მცხეთის კულტურულ და რეკრეაციულ ზონაში.