ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის ხალხთა ეროვნული კონგრესის, ვაჭრობის სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის პალატის, კერძო ბიზნესმენთა ასოციაციის, ჩინეთის ეკონომიკური კვლევის კერძო ასოციაციის და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე რამდენიმე რეგიონის სავაჭრო პალატების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ მისი მოადგილეები - მიხეილ ჯანელიძე, ქეთი ბოჭორიშვილი და საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გენადი არველაძე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრას ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა - ჩინეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მეტად განვითარებით, განსაკუთრებით ბიზნესის რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკის, ფარმაცევტიკის, ტესქსტილის, ავეჯის წარმოების და ა. შ. ქართულმა მხარემ ჩინელ სტუმრებს ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ კუთხით არსებული პროექტების შესახებ.