მეხიკოში ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის (ESCA) დანაშაულთან ბრძოლის კომპონენტის უსაფრთხოების ექსპერტთა მე-2 შეხვედრა გაიმართა. საქართველო აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეულ იქნა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) მეგობარი ქვეყნის სტატუსით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მექსიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალხაზ მიქელაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გელა სეხნიაშვილი და შსს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე.
ქართულმა დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საგნობრივ განხილვებში და წარადგინა საკუთარი შეთავაზება საქართველოს შსს აკადემიის ბაზაზე ცენტრალური ამერიკის პოლიციის სხვადასხვა რანგის ოფიცრების გადამზადების თაობაზე. ქართული მხარის შეთავაზება საბოლოო პროექტის სახეს მიიღებს ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სისტემის წევრ და მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციებისა და არსებული საჭიროებების დაზუსტების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის შეთავაზებას საექსპერტო თემატური შეხვედრების გამართვის თაობაზე ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის ზოგიერთი ქვეკომპონენტის ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული დუბლირება და მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიმართული სტრატეგიის თანამშრომლობაში ჩართული ქვეყნების რესურსები.
აღნიშნული შეხვედრის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა მექსიკის, ჰონდურასის, გვატემალის, ელ-სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკისა და დომინიკის რესპუბლიკის დელეგატებთან, რომლებთანაც განხილულ იქნა საქართველოს გამოცდილების გაზიარება უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების სფეროში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები.