კოალიცია ,,ქართული ოცნება" სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, მონიტორინგის განხორციელებას იწყებს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის ჯგუფები კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატებით იქნება დაკომპლექტებული.
"დაზარალებულ რეგიონებში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების მონაწილეობით შექმნილია მონიტორინგის ჯგუფები. საქმე ეხება არა მხოლოდ მონიტორინგს, არამედ იმ ზარალის განსაზღვრასაც რომელიც მიადგა მოსახლეობას. კომუნიკაცია მოსახლეობასთან ყოველდღიური გვექნება და მოსახლეობას, რომელმაც მიყენებული ზარალის შესახებ იცის და შესაბამისის კომპენსაცია მიღებული არ აქვს, შეუძლია მიაკითხონ ჩვენს შტაბებს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ შესაბამისი ჯგუფები კახეთის გარდა სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთშიც იმუშავებენ.
"შტაბები იმუშავებს არა მხოლოდ კახეთში, არამედ სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთშიც", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 80 მილიონი დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გადარიცხა.
"ეს არის გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს, ბიუჯეტში დაუგეგმავი ხარჯები გაჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა შესაძლებელია დღესვე დაიწყოს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით 80 მილიონი ლარი გადარიცხა.