დღეს, 25 ივლისს, 19:00 საათზე, დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის ალექსანდრე ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია 16 ფერწერულ ტილოსა და "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებს მოიცავს, რამდენიმე ნამუშევარი პირველად იქნება საჯაროდ გამოფენილი.
"გამოფენა ასახავს ბანძელაძის შემოქმედების განვითრების გზას 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე და გვაძლევს საშუალებას მივადევნოთ თვალი ძიებების კრეატიულ პროცესს - მხატვრის ინდივიდუალური, ვიზუალური ლექსიკონის ევოლუციას. ნამუშევრები მხატვრის ოჯახის კერძო კოლექციას და ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის", - აღნიშნავენ ღონისძიების ორგნიზატორები.
ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.